ქართველი მსაჯების ციფრული ბუღალტერია 04-06-2009 ”მსოფლიო სპორტი”
Ambebi.Geმსაჯი ფეხბურთში მთავარი ფიგურაა - მისგან მატჩის გაძღოლაზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული (ხშირად პაექრობის ბედიც). კარგი მსაჯი, როგორც წესი, ისე
ჩაამთავრებს ხოლმე მატჩს, არც მაყურებელი დაინტერესდება მისი ვინაობით და არც ფეხბურთელი დაიწყებს თემიდის მსახურის ახლო ნათესავების აუგად მოხსენიებას. ეს ჩვენთანაა ასე, თორემ "ქვეყნის დამაქცევარი” მსაჯი, მორალის მიმართ სხვანაირი დამოკიდებულების ქვეყნებში, თოფიანი კაცის მსხვერპლიც გამხდარა.
თემა "ძალადობა და ქართველი მსაჯები” ძალიან აქტუალური, საფეხბურთო ჩემპიონატების გაეროვნულების პირველ წლებში იყო. 90-იანების დასაწყისში მსაჯს ტყვიას ესროდნენ, იარაღს პირში უდებდნენ, ცემდნენ, აფურთხებდნენ, აგინებდნენ (თუ "შავოსნებზე” ზემოქმედების ყველა ნაირსახეობა ვერ ჩამოვთვალეთ, შეგიძლიათ თავად გააგრძელოთ). ქვეყანაში ცხოვრება ცოტათი დალაგდა და მსაჯებმაც ამოისუნთქეს, რადგან სამუშაო პირობები ბევრად გაუუმჯობესდათ - მოედნიდან გასვლაში, სტადიონის დაცვის სამსახური ეხმარებათ, მის გარეთ კი, "022” და მისი ჯანი. თუ ფეხბურთელმა თამაშის დროს იუზრდელა, თავმოყვარე მსაჯი მყისვე წითელ ბარათს ამოიღებს, უთავმოყვარეო კი შეურაცხყოფას "გადაყლაპავს” და იმიტომაა მატჩის სადავეები ხელიდან რომ გაურბის.
საქართველოში ყველა თანხმდება, რომ მსაჯი არც გასული საუკუნის ბოლო ათწლეულში იყო "მამა აბრამის ბატკანი” და ვერც ახლა დაიმალება ცხვრის ქურქში. კორუფცია ახლაცაა მატჩის მსახურებში, მაგრამ მთლად ისე აშკარად არ უჩანთ "გამწვანებული თათები” და სხვანაირად როგორ გინდა კაცს ფულის აღება დაუმტკიცო? ხომ არ გამოვა, მავანი ფულის გამცემი და იტყვის - იცით, მე ამ არბიტრს 3 ათასი დოლარი მივეცი და იქნებ უკან დაბრუნებაში დამეხმაროთო.
პირიქით კი გაგვიგია - მე-20 ეროვნულ ჩემპიონატში მომსახურე ერთ-ერთ კარგად შექეიფიანებულ არბიტრს, სუფრაზე დაუტრაბახნია - წელს ერთი 40 ათასი ევრო მაინც  ვიშოვეო. ქვემოთ წლევანდელ პირველობაზე მსაჯთა მიერ სამუშაო ფორმის მორგებათა რაოდენობებს შემოგთავაზებთ და თუ ვინმემ რომელიმე "რეკორდსმენს” ამ ოდენობის კუთვნილი თანხა დაუთვალოთ, გაგვაგებინეთ. თუ არადა, წესით ასეთ "სიგნალზე” სამართალდამცველები განგაშს უნდა ტეხდნენ.
მოდით, ახლა იმ ციფრების მიმოხილვას შევუდგეთ, რომლებიც უმაღლეს ლიგაში გამართული 165 მატჩის ოქმების უბრალო გადათვლამ მოგვცა. საიუბილეო ჩემპიონატს სულ 54 მსაჯი მოემსახურა - 17 არბიტრად, 30 ასისტენტად, 24 სათადარიგოდ. არ დაიბნეთ - ფედერაციის შესაბამისმა განყოფილებამ სათადარიგო მსაჯად ყველა ის "შავოსანი” ამუშავა, ვინც არბიტრის რანგშიც იყო. დარჩა 7 ე.წ. დამხმარე, რომელსაც მე-20 ჩემპიონატში, მხოლოდ შესაცვლელთა ნომრიან ტაბლოს ან არბიტრის მიერ ტაიმებისთვის დამატებული დროის მაჩვენებელ ელექტრო-ტაბლოს ან ფანერას აწევინებდნენ ზემოთ, ან თუ მოხდა და ვინმე სათადარიგოთა შორის კირით შემოსაზღვრულ მოედანს გაცდა, აშოშმინებდა და საზღვრებში (ხშირად ზრდილობის) მოაქცევდა ხოლმე.
XX ეროვნული ჩემპიონატის მომსახურე არბიტრები: ლაშა სილაგავა - 19, გიორგი ვადაჭკორია - 17, მალხაზ ბეუქლიშვილი და ალექსანდრე კრიჭაშვილი - 15-15, ლევან კვარაცხელია, დავით ხარიტონაშვილი, მამუკა ურუშაძე, ოთარ ხეცაძე - 14-14, გიორგი კიკაჩეიშვილი - 11, არსენ ნონიკაშვილი - 6, ლევან ფანიაშვილი, ვაჟა გუმბერიძე - 5-5, პაატა და გიორგი დოგრაშვილები, კობა ჭაჭუა - 4-4, ვასილ ელისაბედაშვილი - 3, ირაკლი ურუშაძე - 1.
ასისტენტები, რომლებმაც 10-ზე მეტ მატჩში იმსაჯეს: გურამ ჩიგოგიძე - 19, ზურაბ ჯვარიძე - 18, ზაზა მენთეშაშვილი, მამუკა ელიკაშვილი - 17-17, ლევან თოდრია - 16, ზაზა ფიფია - 15, კობა გაბრიაძე, ონისე მოლოდინაშვილი, ბესო ჭიჭინაძე - 14-14, კირილე ბერაძე, არჩილ კოკაია, სერგო სპიცინი - 13-13, ირაკლი უკლება - 12, გიორგი ყრუაშვილი, ზურაბ ხუციშვილი, ირაკლი კაკაბაძე, ზაალ ბერულავა - 11-11, ივანე მაჩიტიძე, დავით კვეტენაძე, ზვიად ერქვანია - 10-10.
სათადარიგო მსაჯები, რომლებიც 10-ზე მეტ მატჩს მოემსახურნენ: არსენ ნონიკაშვილი - 14, ვასილ ელისაბედაშვილი - 13, ვაჟა გუმბერიძე, ირაკლი ურუშაძე - 12-12, ლევან კვარაცხელია - 10.
საინტერესო და როგორ ჩანს, დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომ სათადარიგო მსაჯობის უფლება ასისტენტს (ე.ი. ლაინსმენს) არ აქვს. სამაგიეროდ, საქართველოში არბიტრი "მეოთხეობას” ხშირად ითავსებს. ჩვენი გადასაწყვეტი რომ იყოს, ზოგიერთი იმდენად კარგად ართმევს თავს სათადარიგო მსაჯის ფუნქციას, მისთვის არბიტრობა საცოდაობაა - ამით მეტოქე გუნდების წარმომადგენელთა ნერვებსაც მოუფრთხილდებიან და იმ მაყურებლისასაც, ვინ სტაბილურად დაცარიელებული ტრიბუნების დაკავებას კადრულობს.
მოქმედ ქართველ მსაჯთა შორის ორი ოჯახური დუეტია დასაქმებული - ქუთაისელი პაატა და გიორგი დოგრაშვილები, ლანჩხუთელი მამუკა და ირაკლი ურუშაძეები. მათგან სფფ-ის მსაჯთა და დამკვირვებელთა განყოფილებამ (უფროსი ამირან კაჭახიძე), ძმები მხოლოდ ერთხელ გაამწესა ერთი მატჩის მომსახურედ. ეს მოხდა 30 სექტემბერს ბორჯომში, სადაც ადგილობრივმა გუნდმა "გაგრას” უმასპინძლა და 3:2 მოუგო. IV ტურის ამ შეხვედრის არბიტრი პაატა იყო, გიორგიმ კი სათადარიგო მსაჯობა იტვირთა.
ფედერაციას, ჩემპიონატში მსაჯთა ბრიგადის მთლიანად შეცვლა ორჯერ მოუწია. პირველად ეს 18 ოქტომბერს მოხდა. ზუგდიდში VI ტურის მატჩის (”მგლები”-"ოლიმპი”) სამსაჯოდ მიმავალი ლევან ფანიაშვილი, ლევან მიქელაძე და გურამ ჩიგოგიძე, სოფელ ხევში ავტოავარიაში მოხვდნენ და სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. იქ მიღებული ტრავმის გამო ფიფას ასისტენტმა მიქელაძემ მთელი დარჩენილი სეზონი იუქმა, ხოლო ფიფას არბიტრმა ფანიაშვილმა პროფესიული საქმიანობა მხოლოდ XXXI ტურში გააგრძელა, "მესხეთსა” და "ბორჯომს” შორის გამართული სამცხეური დერბის განსჯით.
მსაჯთა განყოფილებამ ამ მატჩზე მეოთხე მსაჯად დანიშნული გიორგი კიკაჩეიშვილი არბიტრად "დააწინაურა”. შეხვედრას ასისტენტებად ქუთაისელები კაკაბაძე და მაჩიტიძე წარუძღვნენ, ხოლო სათადარიგოდ რუსიშვილმა იმუშავა.
ჩანაცვლების მეორე შემთხვევა, ქართველ მსაჯებზე დღემდე არნახულმა ზეწოლამ განაპირობა. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ 2009 წლის 7 თებერვალს არბიტრი მალხაზ ბეუქლიშვილი, როგორც მსაჯი კი არ გაუტაცნიათ ოს ბოროტმოქმედებს, არამედ გამოსასყიდის მიღების მიზნით. თბილისიდან დასავლეთისკენ მიმავალ მსაჯთა ბრიგადას, ბედის ირონიით ამჯერადაც "მგლების” მატჩი (ზუგდიდელთა მეტოქე "ზესტაფონი” იყო) უნდა ემსაჯათ. გამტაცებლებმა, მატჩის დელეგატი თამაზ კოსტავას "მერსედესთან” ერთად ბეუქლიშვილიც გაიტაცეს და ქართულმა მხარემ მხოლოდ არბიტრის გათავისუფლება შეძლო, ავტომობილი კი წარსულში ცნობილ ფეხბურთელს დღესაც დაკარგულად ეთვლება.
სფფ-ში გადაადგილება პირველის მსგავსად მოახდინეს. პაატა დოგრაშვილი მეოთხე მსაჯი უნდა ყოფილიყო და XVIII ტურის ამ მატჩის არბიტრობა ერგო. ასისტენტებად შეხვედრას გაბრიაძე და კაკაბაძე გაუძღვნენ, სათადარიგოობის პატივი კი კიკაჩეიშვილს ერგო.
იყო ერთი ფაქტი, როცა კალენდარული მატჩის ერთ-ერთმა მონაწილემ (ამ შემთხვევაში მასპინძელმა გუნდმა), შეხვედრის არბიტრის ვინაობა გააპროტესტა და საწადელსაც მიაღწია. XIII ტურში, ზესტაფონში, ადგილობრივ გუნდსა და ბოლნისის "სიონს” შორის შეხვედრა ლევან კვარაცხელიას უნდა ემსაჯა. იმერლებს ფიფას არბიტრის მსაჯობა, ჯერ კიდევ ამავე გუნდების პირველი წრის შეხვედრაში არ მოსწონებიათ (მაშინ ბოლნისში "ზესტაფონმა” 1:0 მოიგო) და პროტესტის არგუმენტირებულად დასაბუთების შემდეგ, კვარაცხელია 30 ნოემბერს კრიჭაშვილით შეიცვალა (მასპინძლებმა ეს მატჩიც 1:0 მოიგეს).
სხვათა შორის, სფფ-ში, სადაც ლევან კვარაცხელიას ქართველთა შორის თავადაც ერთ-ერთ საუკეთესო მსაჯად მიიჩნევენ, ზესტაფონელთა ეს პროტესტი "დირექტივად” გაიხადეს და ახალგაზრდა არბიტრი მეტჯერ იმერელთა არცერთი შეხვედრის მოედანზე განსასჯელად არ "გაიმეტეს”. კვარაცხელიას მიმართ "მაკროალერგია” რომ არ აქვთ გეგუჩაძის გაწვრთნილებს, იქედანაც ჩანს, რომ მას ამის შემდეგ თასის შარშანდელი მფლობელის მონაწილეობით 2 გასვლით მატჩზე (10 მარტს "ოლიმპთან” და 17 მაისს "სპარტაკთან”) მოუწია სათადარიგო მსაჯობა. თუმცა, ის, რომ გუნდებს მსაჯების ამ ფორმით ამორჩევა შეუძლიათ, მისასალმებელი ვერ უნდა იყოს.
გაგაცნობთ ერთობ საინტერესო მონაცემებს იმის შესახებ, რჩეულ ქართველ არბიტრთაგან ვინ რომელი გუნდის მატჩი იმსაჯა ყველაზე მეტჯერ. ამ მხრივ, ქართველებს ორი აბსოლუტური რეკორდსმენი გვყავს - ლაშა სილაგავამ და ლევან კვარაცხელიამ 7-7-ჯერ განსაჯეს, შესაბამისად "ზესტაფონის” და "სიონის” მონაწილეობით ჩატარებული შეხვედრები. იგივე კვარაცხელიას ოდნავ მოკრძალებული მაჩვენებელი აქვს "მესხეთის” მატჩების მსაჯობისას - 6. ამდენჯერვე იმსაჯა ოთარ ხეცაძემ "ვიტ ჯორჯიას”, ხოლო სილაგავამ "ბორჯომის” შეხვედრები. 5-5-ჯერ იმსაჯეს ერთი და იგივე გუნდის მატჩები - ვადაჭკორიამ - "დინამო”, "ოლიმპი”, ურუშაძემ - "ზესტაფონი”, "მგლები”, კრიჭაშვილმა - "დინამო”, ხეცაძემ - "გაგრა”, ხარიტონაშვილმა - "ვიტ ჯორჯია”, ბეუქლიშვილმა - "მგლები”.
იყო ერთი უნიკალური დამთხვევაც (ყოველ შემთხვევაში, ასე განუცხადეს "მსოფლიო სპორტს” ფედერაციაში). ფიფას არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ, ჩემპიონატზე რუსთავის "ოლიმპსა” და თბილისის "დინამოს” შორის გამართული სამივე მატჩი იმსაჯა.
ბოლოს სრული სამსაჯო ბუღალტერიისთვის, გაგაცნობთ იმ საჰონორარო ტარიფებს, რის მიხედვითაც პროფლიგა უმაღლესი ლიგის მატჩების მომსახურე პერსონალს, დასრულებული სეზონის ბოლოს უსწორებდნენ ანგარიშს: არბიტრი - 260 ლარი (კვებისა და მგზავრობის ხარჯის ჩათვლით), ასისტენტი - 185 ლარი, სათადარიგო მსაჯი - 100 ლარი.

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sporti/5517-qartveli-msajebis-tsipruli-bughalteria.html#ixzz1UujSQHgZ
კატეგორია: Мои статьи | დაამატა: vasoelis (13.08.2011)
ნანახია: 597 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: